თუ თბილისს დედაქალაქის ყველაზე მაღალი ადგილიდან - მთაწმინდიდან გადახედავთ, ის ნამდვილად მოგაგონებთ კალეიდოსკოპს. დედაქალაქის ძველ, მოკრძალებული უბნებს ახალ სიცოცხლეს სძენენ თანამედროვე, შუშის ფუტურისტული შენობები, მდინარე მტკვრის კლდოვან სანაპიროზე გადაკიდებული უძველესი სახლები, ეკლესიები და ციხესიმაგრეები ხაზს უსვამენ ქალაქის ხიბლს, ხოლო სადღაც შორს, ჰორზონტზე კავკასიონის სილუეტსაც მოჰკრავთ თვალს. დედაქალაქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ატმოსფერო გაფიქრებინებთ რომ თბილისის სახელი არა მხოლოდ ცხელ გოგირდოვან წყლებს, არამედ ქალაქის მცხოვრებთა გულღიობასა და სტუმართმასპინძლობასაც უკავშირდება.
გირჩევთ თბილისის აღმოჩენა ქალაქის უძველესი ნაწილიდან - აბანოთუბნიდან დაიწყოთ. სწორედ იქიდან, სადაც სანადიროდ წასულმა მეფემ - ვახტანგ გორგასალმა ერთ დროს ცხელი გოგირდოვანი წყლები აღმოაჩინა. ამ განსაკუთრებულ ადგილს საუკუნეების მანძილზე არაერთმა გამოჩენილმა ქართველმა თუ უცხოელმა პოეტმა შეასხა ხოტბა. შეიგრძენით გოგირდოვანი წყლების სარელაქსაციო და სამკურნალო თვისებები, სანამ დედაქალაქის სხვა, არანაკლებ საინტერესო ადგილებს მოინახულებთ.
გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ნარიყალას ციხესიმაგრეს, რომელიც IV საუკუნეში აღიმართა და მას შემდეგ არაერთხელ განიცადა დაცემისა და აღმავლობის ხანა. დღესდღეობით იგი თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება, საიდანაც დაუვიწყარი ხედები იშლება ქალაქზე. სწორედ ნარიყალას მიმდებარედ არის გაშენებული ძველი თბილისი - ადგილი რომლის გამოც არაერეთი ვიზიტორი სტუმრობს ქვეყანას. ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებისა და ხის ფერადი აივნების ლაბირინთში მზად იყავით რამდენიმე საათიანი უწყვეტი აღმოჩენებისა და სიურპრიზებისთვის!
ურბანული აურზაურისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა ესტუმროთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც სამეფო ბაღების ადგილას არის გაშენებული. მცენარეთა მდიდარი კოლექციის გარდა აქ თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ჩანჩქერები და უძველესი ხიდები.
საქართველოს დედაქალაქი სწორედ იმ ქალაქების კატეგორიას მიეკუთვნება რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს აჯადოებენ მნახველს. ტურისტული სეზონის პიკი გაზაფხული და ადრეული შემოდგომაა, ხოლო ზაფხული ცხელი და მშრალია. ზამთარი თბილისში საკმაოდ მკაცრია, თუმცა იშვიათია ყინვა და თოვლი. მარტის შუა რიცხვებიდან ჰაერის ტემპერატურა ნელ ნელა თბება და იგრძნობა გაზაფხულის მოახლოება.
თითქმის შეუძლებელია ესტუმროთ თბილისს და არ დაიკავოს მან თქვენს გულში ადგილი. ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი იზიდავს და აჯადოებს ნებისმიერ მნახველს. შეიძინეთ ყველაზე დიდი მეხსიერების ბარათი, დაივიწყეთ დიეტა, დააგემოვნეთ საუკეთესო ღვინოები და მოემზადეთ დიდი გასეირნებისთვის - თბილისი ამად ნამდვილად ღირს!