არსებობს განსაკუთრებული ადგილები, რომლებსაც თქვენ მეორე ნახევართან ერთად უნდა ესტუმროთ. საქართველოში ასეთ ადგილად სწორედ სიღნაღი ითვლება. მოკირწყლული ქუჩები, წითელი კრამიტით გადახურული სახლები, ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე და ერთი ჭიქა წითელი ღვინო წელიწადის ნებისმერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას და რომანტიულ ატმოსფეროს!
სიღნაღი, კერძოდ კი სოფელი მირზაანი ბევრისთვის გენიალური ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის სახელთან ასოცირდება, რომელიც ამაოდ ცდილობდა მოეგო ფრანგი მსახიობის მარგარიტა დე სევესის გული. სიუჟეტი კარგად ნაცნობია, პატარა დუქნის სანაცვლოდ ნაყიდი წითელი ვარდების მთელი ზღვა. ამბობენ, ფიროსმანმა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ვარდი და ყვავილი იყიდა და თავისი ცხოვრების სიყვარულს მარგარიტას მიართვა, რომელიც თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა. იმასაც ამბობენ, ეს ყველაფერი ლეგენდა და სიყვარულის ლამაზი ისტორიაა, ფიროსმანს მარგარიტა დე სევერი არასოდეს უნახავს და „აქტრისა მარგარიტას“ პორტრეტი თეატრალური აფიშიდან დახატაო. ასე იყო თუ ისე, ლეგენდა სიყვარულზე და ფიროსმანის ნახატები დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდებიან. თქვენ კი ფიროსმანის ფერწერული ტილოების დიდი ნაწილის დათვალიერებას, სწორედ სიღნაღის მუზეუმში შეძლებთ.
ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს წმინდა ადგილთა შორის. აქ არის დასვენებული ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში კი მდებარეობს წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის თანახმად, წყალი წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და განკურნების ძალას ფლობს, რის გამოც უამრავი ადამიანი სტუმრობს მას.
გვერდს ნუ აუვლით ქალაქის ყველაზე პოპულარულ ქანდაკებას. განასახიერებს იგი ფიროსმანის ცნობილი ნახატის „ექიმი ვირზე“ გმირს, სანჩო პანსას თუ ბენჟამენ ღლონტს გიორგი დანელიას ფილმიდან „არ დაიდარდო“ - ეს თქვენი გადასაწყვეტია.
სიღნაღი საქართველოს სხვა ქალაქებიდან არც სიდიდით და არც სიძველით არ გამოირჩევა, თუმცა, მას ნამდვილად გამოარჩევს განსაკუთრებული ატმოსფერო. უნიკალური ლანდშაფტის და არქიტექტურის წყალობით სიღნაღი იტალიის პროვინციასაც კი მოგაგონებთ. და ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, სიყვარულის ქალაქში გადაწყვეტთ თქვენი მეორე ნახევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვების თქმას!