სვანეთისა და ევროპის უმაღლესი დასახლებული წერტილი ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრზე მდებარეობს. უშგულის თემი აერთიანებს 4 სოფელს (ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში - თემის ცენტრი). ყოველი მათგანი სთავაზობს მნახველს ენით აღუწერელ ხედებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს. უშგულს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ავთენტურობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას და კავკასიის ბუნების სიდიადესთან ერთად თქვენ აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ დღემდე შემონახული სვანური გენი.
უშგული ზემო სვანეთთან ერთად შესულია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. ზემო სვანეთის რეგიონი წარმოადგენს განსაკუთრებულ მთიან ლანდშაფტს რომელმაც საუკუნოვანი იზოლაციის წყალობით შესანიშნავად შეინარჩუნა უძველესი ტრადიციები და ცხოვრების სტილი, სწორედ ამიტომ იგი ოფიციალურად არის აღიარებული კაცობრიობის მემკვიდრეობად! ბუნებისა და უძველესი არქიექტურის ამგვარ სინთეზს, ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი მსოფლიოში.
უშგულში სოფლის შემაღლებულ ადგილას მდებარეობს ლამარიას უძველესი მამათა მონასტერი. სვანების რწმენით, თამარ მეფე სწორედ ამ წმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ქვეშ უნდა იყოს დაკრძალული. ამ ადგილიდან თითქოს ხელის გულზე მოსჩანს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, რომლის წვერი და კალთები წელიწადის ნებისმიერ დროს თოვლის საფარშია გახვეული. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათრექინგო ბილიკი უშგულიდან სწორედ ამ მთის ძირში მიგიყვანთ.
კარგი ამინდის პირობებში უშგულიდან შეძლებთ დაინახოთ საქართველოს ორთავიანი მწვერვალი „უშბა“ - მიუდგომელი. სწორედ თავისი სილამაზისა და მიუდგომლობის წყალობით იზიდავს იგი არაერთ მთამსვლელსა და ტურისტს.
საუკეთესო დრო უშგულში მოგზაურობისთვის ზაფხული და ადრეული შემოდგომაა. იმ დროს როცა ბარში ზაფხულის მწველი დღეებია, უშგულში როგორც წესი ტემპერატურა 20-25 გრადუსს იშვიათად აღემატება. ზამთარი და თოვლიანობის პერიოდი საშუალოდ სექტემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. თოვლით დაფარული მიდამოები და კოშკები მართალია იშვიათი სილამაზით გამოირჩევა, თუმცა ხშირი ზვავების გამო არსებობს დანარჩენი სამყაროდან იზოლაციის საფრთხე.
უშგული განსხვავდება დანარჩენი სამყაროსგან, ის დარჩა ისეთი როგორიც იყო, სწორედ ამაშია მისი მთავარი ხიბლი. სწორედ ბუნებრივი იზოლაციის წყალობით შეძლეს სვანებმა დღემდე შემოენახათ საკუთარი ტრადიციები, ენა და სულისკვეთება. აქ ძნელია იპოვნოთ დახვეწილი ტურისტული მარშრუტები, მაგრამ მრავლად აღმოაჩენთ შუა საუკუნეების არქიტექტურას. შესაძლოა აქ ვერ დააგემოვნოთ მრავალი სახეობის ღვინო ან პოპულარული ქართული კერძები, რადგან სვანური სამზარეულო ძირითადად იმ ინგრედიენტებისგან შედგება, რაც ადგილზე მოიპოვება, სამაგიეროდ აქ გაგიმასპინძლდებიან კუბდარით, ჭვიშტარით, ლეცვმარით, ქნაშით და სხვა სვანური კერძებით.